იესო ქრისტეს კვალზე სიარული
ვინ არის იესო ქრისტე? იესო არის სამყაროს მხსნელი. როცა მის კვალზე დავდივართ, ჩვენ ცხოვრებაში ვიძენთ სიმშვიდესა და ბედნიერებას.
იესო არის ძე ღვთისა
ჩვენმა მამაზეციერმა გამოაგზავნა თავისი ძე, იესო ქრისტე, რათა მას აეღო საკუთარ თავზე ყოველი ადამიანის ცოდვა, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე, რათა მიტევება მიგვეღო. ეს ჩვენთვის გაღებული მსხვერპლი შესაძლებელი გახდა იესოს ღვთიურობისა და სრულყოფილი ცხოვრების გამო.
იესო იყო ყოველი ადამიანის უდიდესი მოძღვარი და მსახური. მაგრამ იგი გაცილებით ამაზე მეტი იყო. როცა მან ჰკითხა პეტრე მოციქულს: „თქვენ კი რას იტყვით, ვინა ვარ მე“? პეტრემ უპასუხა: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა“ (მათე 16:15-16).
იესო იყო ჩვენი სრულყოფილი მაგალითი
იესო ცხოვრობდა სრულყოფილი ცხოვრებით და გვიჩვენა მამაზეციერთან დასაბრუნებელი გზა. მიუხედავად იმისა, რომ იესოს არასოდეს არ შეუცოდია, იგი მაინც მოინათლა, რათა ყოფილიყო ღვთის მორჩილი და ესწავლებინა ჩვენთვის, რომ ნათლობა ყველასათვის აუცილებელი მოთხოვნაა.
იესო ასევე არის სიყვარულის სრულყოფილი მაგალითი. თავისი მიწიერი ცხოვრების დროს იგი ზრუნავდა ღარიბებზე, კურნავდა უსინათლოებს (იხ. იოანე 9:1-7), ესალმებოდა პატარებს (იხ. მათ 19:13-14) და მათაც კი მიუტევა, ვინც იგი ჯვარს აცვა (იხ. ლუკა 23:34). მისი სიყვარული უსასულოა და ნებისმიერს მიუწვდება მასზე ხელი.
იესომ გვასწავლა, როგორ ვიცხოვროთ და როგორ მოვეპყროთ სხვებს
სულ 12 წლის ასაკში იესო ტაძარში იპოვეს მოძღვართა შორის; იგი მათ ასწავლიდა (იხ. ლუკა 2:42-52). ისინი გაოცებულნი იყვნენ მისი ცოდნით. იესო დედამიწაზე მცხოვრებთა შორის ყველაზე დიდი მასწავლებელი იყო. იგი ხშირად იყენებდა იგავებს ან მოთხრობებს მნიშვნელოვანი გაკვეთილების სასწავლებლად. ეს იგავები ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდებოდა, ადამიანებსა და სიტუაციებს, რათა ისინი ადვილი გასაგები ყოფილიყო. მისი ისტორიები დღემდე გვიჩუყებს გულს და გვაძლევს მოტივაციას, ვიაროთ მის კვალზე და ვემსახუროთ სხვებს.
იესოს სწავლებანი
იესომ თქვა, რომ ყველა ერთგული ადამიანი მიიღებს ერთნაირ ჯილდოს ზეცაში, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი იყო ერთგული თითოეული მათგანი (იხ. მათე 20:1-16).
იესომ გვასწავლა მიტევების მნიშვნელოვანი გაკვეთილი, როცა გვკითხა: „განა არ გმართებდა, შეგეწყალებინა შენი თანამონა, როგორც მე შენ შეგიწყალე“? (იხ. მათე 18:23-35).
იესომ თქვა, რომ უნდა გვიყვარდეს მოყვასი; იგავი კეთილ სამარიელზე კი გვასწავლის, რომ ჩვენი მოყვასი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, უცნობისა და მტრის ჩათვლით (იხ. ლუკა 10:25-37).
ყოველი ადამიანი, რომელიც ქრისტესკენ მობრუნდება, მიიღებს მისგან სიყვარულს მიუხედავად იმისა, რა ჩაიდინა მან (იხ. ლუკა 15:11-32).
როცა დავიკარგებით ან მარტოდ ვგრძნობთ თავს და უფლისკენ მოვტრიალდებით, იესო არა მხოლოდ უკან მიგვიღებს, არამედ გაიხარებს, როგორც მწყემსმა თქვა: „თქვენც იხარეთ ჩემთან ერთად, დაკარგული ცხვარი ვიპოვე“ (იხ. ლუკა 15:1-6).
მორმონის წიგნი ასევე მოიცავს მხსნელის ძლიერ სწავლებას. მან ასწავლა ადამიანებს ლოცვა, თავმდაბლობა და ოჯახში მოქცევა.
იესო დაიტანჯა და მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის
იესოს დედამიწაზე მოვლენის მისია იყო ჩვენი ცოდვებისგან ხსნა. იგი თანახმა იყო, დატანჯულიყო და მსხვერპლად გაეღო თავი, რათა ჩვენი შეცდომების ფასი გადაეხადა, რათა შეგვძლებოდა მონანიება და მოეტევებინათ ჩვენთვის.
გეთსიმანიის ბაღში იესომ იგრძნო ყოველი ცოდვისა და ტკივილის სიმძიმე, რაც კი ცნობილი იყო კაცობრიობისთვის. იგი დაიტანჯა ყოველი ადამიანისთვის, რომელსაც ოდესმე უცხოვრია და ყოველი მისი ფორიდან სისხლი გადმოდიოდა (იხ. ლუკა 22:44). იგი დააკავეს, მას აფურთხებდნენ, გაშოლტეს და ჯვარზე გააკრეს. მაშინაც კი, როცა იესოს თავისივე ხალხი კლავდა, მან მამას შესძახა და სთხოვდა, შეეწყალებინა ისინი (იხ. ლუკა 23:34).
ცხოვრებაში ჩვენ ყველანი დავუშვებთ შეცდომებს და ჩავიდენთ რამეს, რასაც ვინანებთ. მაგრამ სანამ ვცდილობთ სრულყოფას და მამაზეციერისადმი ლოცვას მიტევებისთვის, ჩვენ შეგვიძლია, კვლავ განვიწმინდოთ. ჩვენ ყველანი დიდ ვალში ვართ ჩვენი მხსნელისა და გამომსყიდველის, იესო ქრისტეს, წინაშე.